...
ბესარიონ დარჯანია

darjaniab@gmail.com

ფიზიკური პირი

გლიპტიკის ოსტატს ბესარიონ დარჯანიას ყოველთვის იტაცებდა გლიპტიკა. ქანდაკების მიმართ ინტერესი კი ადრეული ასაკიდან გამოუვლინდა მას, რის გამოც მშობლებმა ის ხატვა-ქანდაკების წრეზე შეიყვანეს, სადაც მას ზაქრო და მერი კრაწაშვილები ხელმძღვანელობდნენ. ოსტატს დასრულებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტი. უნდა აღინიშნოს, რომ იგი 2001 წელს შევიდა ცინცინატის (ოჰაიო, აშშ), კერძო გამოცემის „მხატვართა ილუსტრირებულ ენციკლოპედიაში“, როგორც გლიპტიკის (კამეის კვეთის) სპეციალისტი. ბატონი ბესარიონის შთაგონების წყაროს ქართული და უცხოური მითოლოგია, ანტიკური ხელოვნება, ეპოსი და ფლორა-ფაუნა წარმოადგენს. მის ნამუშევრებში გამოსახვის თემა, შინაარსი და მასალა ერთმანეთს ეხმიანება: „ნიჟარის შემთხვევაში მასალა გვკარნახობს ესკიზის შინაარსს, რადგანაც ნიჟარაში სხვადასხვა ფერის შრეებია და ოსტატმა უნდა წარმოიდგინოს და განსაზღვროს, თუ რა ესკიზი შეესაბამება ფერთა ასეთ განაწილებას“ - წერს დარჯანია. გლიპტიკის სირთულისა და სიფაქიზიდან გამომდინარე, საქართველოში ნაკლები ადამიანია დაკავებული ამ საქმით. ეს ანტიკური ხელობა ძველ კოლხეთშიც იყო გავრცელებული, თუმცა საქართველოში ძირითადად მაინც ევროპიდან შემოტანილი კამეები დომინირებდა. „ჩემი მიზანი იყო მიმეღო მონაწილეობა ხელოვნების ამ დარგის პოპულარიზაციასა და აღორძინებაში, რასაც გარკვეულწილად მივაღწიე კიდეც“- ამბობს ოსტატი. ბატონმა ბესარიონმა 2005 წელს დააარსა „გალერეა კამეა“, რომელიც 2020 წელს კოვიდ პანდემიის დროს დაიხურა. ამჟამად იგი შემოქმედებით საქმიანობას „არტ სრუდია კამეაში“ აგრძელებს, რომელსაც ოსტატი მეგობარ ოქრომჭედელთან ერთად ფლობს. „კამეის კვეთის ხელოვნების სიყვარულით მე ჩემი თავი ვიპოვნე“ - წერს ბესარიონ დარჯანია.