საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაცია

შევინარჩუნოთ მემკვიდრეობა მომავლისათვის!

ტრადიციული რეწვის ასოციაცია წარმოადგენს წევრობაზე დაფუძნებულ ორგანიზაციას, რომელიც ზრუნავს ქართული ხალხური რეწვისა და დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ტრადიციების შენარჩუნებასა და სამომავლო განვითარებაზე. 

საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაცია დაარსებული 2015 წელს (არასამთავრობო ორგანიზაცია), არის როგორც რეწვის სექტორის ადვოკატირების ორგანო საქართველოში, რომელიც მიზნად ისახავს არსებული გამოწვევების დაძლევას ინდივიდების, ოსტატების, ორგანიზაციებისა და გილდიების შორის თანამშრომლობის შექმნის გზით, რომლებიც ზრუნავენ ტრადიციული ხელოსნობის სიცოცხლისუნარიანობაზე.

საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციის მიზანია:

  • ტრადიციული რეწვის სექტორის წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა და კოორდინირება.
  • სექტორის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა და ქართული ტრადიციული რეწვის ნიმუშების კონკურენტუნარიანობის ამაღლება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე.
  • ტრადიციული რეწვის სექტორის პოპულარიზაცია და საზოგადოებაში ოსტატების სტატუსის ამაღლება.
  • სახელმწიფო სტრუქტურებთან ტრადიციული რეწვის ოსტატთა ინტერესების დაცვა და სამოქმედო გარემოს გაუმჯობესებაზე ზრუნვა.
  • განათლების სისტემაში ტრადიციული რეწვის დარგების ინტეგრირება, ახალგაზრდების ცართულობის უზრუნველყოფა, დასაქმების ხელშეწყობა და არაფორმალური განათლების ცენტრების შექმნა.
  • ტრადიციული რეწვის სფეროში კვლევის წარმოება.

საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციამ განახორციელა სხვადასხვა დონორთა დაფინანსებული (აშშ-ს საელჩო თბილისი, იუნესკო, GIZ, USAID Zrda Activity in Georgia, USAID ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა, Erasmus+, დანიის ლტოლვილთა საბჭო და ა.შ. ) პროექტები, სამეცნიერო და დარგობრივი კვლევები ქართულ რეწვაზე.

შვიდწლიანი საქმიანობის შემდეგ საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაცია ჰყავს 300 წევრი. ის აკავშირებს ოსტატს ახალგაზრდა ოსტატთან, დიზაინერებთან, რათა ერთად იმუშაონ; უზრუნველყოფს სექტორის ყოვლისმომცველ კვლევებს, კონსულტაციებს, ტრენინგებს, ხელს უწყობს მათ მუშაობას და ეხმარება თავის წევრებს პროდუქციის მარკეტინგში სხვადასხვა თემატური გამოფენა-გაყიდვების საშუალებით - წლიური საშობაო, სარვამარტო და აღდგომის გამოფენა გაყიდვები, ექსპორტის მხარდამჭერი აქტივობები და ბრენდული მაღაზია „ეთნოდიზაინი“, რომელიც დაარსდა 2016 წელს იმ იდეით, რომ დადებითი სოციალური გავლენა მოახდინოს რეწვის ოსტატების ცხოვრებაზე.

ასოციაცია მხარს უჭერს ოსტატების სახელოსნოების გარდაქმნას ტურისტულ ადგილად ვიზიტორებისთვის რეწვის სერვისების (მასტერკლასები და დემონსტრაციების) განვითარების გზით, საპოპულარიზაციო კამპანიების მეშვეობით ფიზიკური  და ონლაინ ფესტივალების მეშვეობით, რეწვის სახელოსნოების გზამკვლევის შექმნა და საინფორმაციო ტურები ტურისტული სააგენტოს წარმომადგენლებისთვის.

საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაცია არის მიქელანჯელოს ფონდის ელჩი ორგანიზაცია საქართველოში და ასევე წევრი:

  • რეწვის მსოფლიო/ევროპის საბჭო;
  • საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსი (დამფუძნებელი და ბორდის წევრი);
  • საქართველოს სოციალური მეწარმეობის ალიანსი (ბორდის წევრი);

1