ხის მხატვრული დამუშავება

ბლოგზე დაბრუნება

ხის მხატვრულ დამუშავებას უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს როგორც ქართულ საეკლესიო, ისე საერო ხუროთმოძღვრებასა და დეკორატიულ-გამოყენებით ხელოვნებაში. საქართველო განსაკუთრებით მდიდარია შუა საუკუნეების ხეზე კვეთის ნიმუშებით. X-XI საუკუნეების ჩუკულის, ჯახუნდერის (სვანეთი), ლაშეს-ვანის, მღვიმევის (იმერეთი) ეკლესიებისა და სხვა არაერთი ტაძრის კარები ბრწყინვალედ შესრულებული ჩუქურთმითა და სკულპტურული ფიგურებითაა შემკული. მათი სტილი სავსებით შეესაბამება XI საუკუნის ქვის რელიეფებისა და ჭედური ხელოვნების სტილს, რომელიც, თავის მხრივ, გამორჩეულია შესრულების მაღალი  დონით, დახვეწილი პლასტიკითა და პროპორციებით. ხის კარებისთვის მასალად უმეტესად კაკალს იყენებდნენ. გარდა საკუთრივ კარებისა, შემორჩენილია მათი ჩარჩოები და კანკელების ხის კოჭები (მაგ. მელესი ქართლში), რომლებიც ასევე შემკულია ხეზე კვეთილი ჩუქურთმით.

საეკლესიო ხელოვნების პარალელურად, ხეზე კვეთა ქართული ხალხური ხელოვნების ერთერთი ყველაზე განვითარებული დარგი იყო, რასაც თვალნათლივ მოწმობს გლეხური საცხოვრებელი სახლის ინტერიერი და ხალხური ავეჯი: სავარძლები, საკარცხულები, სკამლოგინები, სკივრები, კიდობნები, აკვნები, მუსიკალური ინსტრუმენტები (ჩონგურები, სალამურები), ჭურჭელი და სხვა. ავეჯის მოჩუქურთმება განსაკუთრებით გავრცელებული იყო

საქართველოს მთიან რეგიონებში. ხალხური ორნამენტული სახეების არსენალი ძირითადად გეომეტრიულ ორნამენტს, ასტრალურ სიმბოლოებს, სტილიზებულ ანტროპომორფულ და ზოომორფულ მოტივებს მოიცავს და საერთოა როგორც ავეჯის, ისე ხალხური ხუროთმოძღვრული დეკორისთვის.

ხალხურ ხუროთმოძღვრებაში, იქნება ეს ქართლური თუ მესხური დარბაზის, იმერულ-გურულმეგრული ოდების, სვანური სახლის - მაჩუბის თუ სხვა რეგიონების საცხოვრებლის ინტერიერისა თუ ექსტერიერის გაფორმება, ხეზე კვეთას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია დარბაზის ერთ-ერთი მთავარი ელემენტის - დედაბოძის მორთულობა, რომელიც გეომეტრიული ორნამენტით, სტილიზებული ანტროპომორფული გამოსახულებებით და სხვადასხვა ასტრალური სიმბოლოებით არის შემკული. თავისებურ ტექნიკას ვხვდებით ახალციხური დარბაზის საუკეთესო ნიმუშებში, სადაც

დარბაზის კედლები შემოსილია ინკრუსტირებული ხის პანელებით, რომელთა რთული ნახატის სახეები აწყობილია პატარა სამკუთხა, სწორკუთხა ან რომბის ფორმის პროფილირებული ფირფიტებით.

თუ აღმოსავლეთ საქართველოს დარბაზებში და სვანურ მაჩუბში ჩუქურთმა ძირითადად შიდა სივრცეშია გამოყენებული, დასავლეთ საქართველოს ოდებში დეკორით უმთავრესად აივნის ბოძები და თავხეები იფარებოდა. ამასთან დასავლურ - ქართული ხეზე კვეთილი ჩუქურთმა უფრო ნაზია და წმინდა, ვიდრე აღმოსავლური. ჩვეულებრივი სამკუთხოვანი ჩაჭრის ტექნიკის გარდა აქ დიდ გავრცელებას პოულობს მცენარეული მოტივების კვეთა ჰორიზონტალურ გლუვ ფონზე, რაც მეტად იშვიათია აღმოსავლეთ საქართველოში.

ოდა სახლის საბოლოო კლასიკური სახე XIX საუკუნეში (განსაკუთრებით II ნახევრიდან) შემუშავდა. ამ დროს საქართველოს ყველა კუთხეში სახლის ხუროთმოძღვრულ გადაწყვეტაში წამყვან ადგილს შენობის ექსტერიერი იკავებს. აივანი უკვე ყველგან იქცა სახლის მთავარ ელემენტად, მისი გაფორმება კი - ოსტატის ძირითად საზრუნავად. ამის საუკეთესო მაგალითად თბილისში ჩამოყალიბებული საცხოვრებელი სახლის ტიპი იქცა, გადმოკიდებული ფართო ხის აივნით, რომლის ფორმებიც შემდგომში საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში გავრცელდა.

ხეზე კვეთის ძველმა ტრადიციებმა ახალი პირობების შესაფერისად იცვალა სახე: გაჩნდა აივნის გრეხილი სვეტები და ცხოველხატული სვეტისთავები, რთული ჭვირული ნახატის თაღები და ჩარჩოები, ფიცარში ამოჭრილი მოაჯირების მრავალფეროვანი სახეები, რომლებიც, თავის მხრივ, საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული ორნამენტული მოტივებიდანაა ნასესხები. დღეისთვის ხეზე კვეთა ფართოდ გამოიყენება ტაძრების კარებების, ანალოღიების, ჯვრების და სხვა საეკლესიო ნივთების შესამკობად. ამავდროულად, სხვადასხვა რეგიონში შემორჩენილია ტრადიციული ავეჯისა და ინტერიერის აქსესუარების წარმოების რამდენიმე ცენტრი. ამ მხრივ განსაკუთრებით გამორჩეულია სვანეთი, რაჭა და ზემო აჭარა, სადაც ხეზე კვეთა და ხალხური ხუროთმოძღვრების ტრადიციები ჯერ კიდევ შემონახულია.

მსგავსი სტატიები
{blog_relative_item}