ოსტატი
ნანი თოლორდავა
598 683 848
nani.tolordavatoloraia@gmail.com
თექის ოსტატი ნანი თოლორდავა პროფესიით მედიკოსია, თუმცა მისი განსაკუთრებული ინტერესისა და შემოქმედებითი თვითგამოხატვის სფერო ტრადიციული რეწვა, კერძოდ კი თექაზე მუშაობაა. ამ ხელოვნებას იგი დამოუკიდებლად დაეუფლა, საკუთარი შრომითა და მუდმივი ძიების გზით. თექის დამუშავებასთან ერთად შეისწავლა ქარგვისა და კერვის ტექნიკაც, რამაც მის ნამუშევრებს მრავალფეროვნება და ინდივიდუალური ხელწერა შესძინა.
წლების განმავლობაში ხელსაქმე ქალბატონ ნანისთვის არა მხოლოდ საყვარელ საქმიანობად, არამედ სტაბილურ შემოსავლის წყაროდაც იქცა. ამ პერიოდის განმავლობაში მან მნიშვნელოვანი პრაქტიკული გამოცდილება დააგროვა, აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა გამოფენასა და სახელოვნებო ღონისძიებაში, სადაც საკუთარი ნამუშევრები ფართო აუდიტორიას გააცნო. გარდა ამისა, მას აქვს სწავლების გამოცდილებაც და არაერთ ადამიანს გაუზიარა თექაზე მუშაობის ცოდნა და პრაქტიკული უნარები, რითაც ხელს უწყობს ამ ტრადიციული დარგის პოპულარიზაციასა და მომავალ თაობებზე გადაცემას.
ქალბატონი ნანისთვის თექაზე მუშაობა მხოლოდ პროფესიული საქმიანობა არ არის – ეს არის შემოქმედებითი პროცესი, რომელიც საშუალებას აძლევს, ტრადიციული ხელობის თანამედროვე ხედვა წარმოაჩინოს. იგი მუდმივად ზრუნავს საკუთარი ცოდნისა და უნარების განვითარებაზე, ეძებს ახალ ფორმებსა და ტექნიკებს, რათა მის ნამუშევრებში ტრადიცია და თანამედროვე ესთეტიკა ჰარმონიულად გააერთიანოს.
ოსტატი ქმნის თექის მრავალფეროვან ნაწარმს, მათ შორის აქსესუარებს, საყელოებს, აბადოკებს, დეკორატიულ მაგნიტებს, თექის სკულპტურებს, ხელთათმანებს, ფაჩუჩებსა და სხვადასხვა დანიშნულების ხელნაკეთ ნივთებს. თითოეული ნამუშევარი გამოირჩევა დეტალებისადმი განსაკუთრებული ყურადღებით, ფერთა ჰარმონიული შეხამებითა და ინდივიდუალური მხატვრული გადაწყვეტით.
მისი შემოქმედების ერთ-ერთი მთავარი შთაგონების წყარო ქართული ტრადიციული დეკორატიული ელემენტებია. ორნამენტული კომპოზიციები ხშირად ეფუძნება ლურჯი სუფრისთვის დამახასიათებელ მოტივებს, ასევე მრავალფეროვან ყვავილოვან ორნამენტებს, რომლებიც თექის ნამუშევრებს ეროვნულ იდენტობას, ესთეტიკურ ღირებულებასა და თანამედროვე მხატვრულ ინტერპრეტაციას სძენს.