ოსტატი
ზაზა გათენაშვილი
593 650 894
gatenashviliz@yahoo.com
ზაზა გათენაშვილი წარმოშობით ახალგორიდანაა. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, როგორც იძულებით გადაადგილებულმა პირმა, ცხოვრება წეროვნის დევნილთა დასახლებაში განაგრძო. მიუხედავად მძიმე გამოწვევებისა, მან საკუთარი საქმიანობა არ შეწყვიტა და წეროვანში დააარსა სახელოსნო-მუზეუმი „ქართული ორნამენტი“, რომელიც დღეს ტრადიციული ხის მხატვრული დამუშავების, ქართული ორნამენტული ხელოვნების პოპულარიზაციისა და პროფესიული განათლების მნიშვნელოვანი სივრცეა.
ზაზა გათენაშვილი ხის მხატვრული დამუშავების ოსტატია, რომელსაც ამ სფეროში 30 წელზე მეტი გამოცდილება აქვს. ხეზე მუშაობა 12 წლის ასაკში დაიწყო. ხელობის სიყვარული და პირველი ცოდნა მამისგან მიიღო, რომელმაც მთელი ცხოვრება ხეზე კვეთასა და ქართული ტრადიციული ორნამენტების შესწავლას მიუძღვნა. სწორედ მამისგან ნასწავლმა ცოდნამ განსაზღვრა ზაზას შემოქმედებითი გზა და დღემდე მისი მთავარი შთაგონების წყაროდ რჩება. თავად ამბობს, რომ მამა დღემდე მისი ნამუშევრების პირველი შემფასებელია და მისგან სწავლა არასოდეს შეუწყვეტია.
პროფესიული ცოდნის გასაღრმავებლად სწავლა სამხატვრო აკადემიაში გააგრძელა. აკადემიის დასრულების შემდეგ რამდენიმე წლის განმავლობაში თბილისის ერთ-ერთ სკოლაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს ასწავლიდა. ეს პერიოდი განსაკუთრებული სითბოთი ახსენდება, რადგან მიაჩნია, რომ სწავლების პროცესი ორმხრივი გამოცდილებაა ის არა მხოლოდ ცოდნას გადასცემდა, არამედ თავადაც მუდმივად სწავლობდა, ახალ გამოცდილებას იძენდა და ბავშვებისგან არანაკლებ მნიშვნელოვან გაკვეთილებს იღებდა.
აგვისტოს ომის შემდეგ, მშობლიური სახლის დატოვების მიუხედავად, საქმიანობა არ შეუწყვეტია. წეროვანში შექმნა სახელოსნო-მუზეუმი, სადაც დღესაც ქმნის ნამუშევრებს და ხის დამუშავების ხელოვნებას სხვადასხვა ასაკის მსურველებს ასწავლის. წლების განმავლობაში მასთან ხეზე მუშაობის საფუძვლები დაახლოებით 50-მდე ოსტატმა შეისწავლა, რაც მისი საქმიანობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევაა.
მისი სახელოსნო „ქართული ორნამენტი“ სწორედ იმ ღირებულებას ასახავს, რომელსაც ოსტატი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. ზაზა გათენაშვილის ნამუშევრების უმეტესობა ქართული ტრადიციული ორნამენტებითა და დეკორატიული მოტივებით არის შთაგონებული. იგი საუკუნოვანი ქართული ორნამენტული მემკვიდრეობის ელემენტებს თანამედროვე ხის ნაკეთობებში აცოცხლებს, რითაც ტრადიციულ ხელოვნებას ახალ სიცოცხლეს სძენს და მის უწყვეტ განვითარებას უწყობს ხელს.
ოსტატი ქმნის ტრადიციულ ხელნაკეთ ავეჯს, ხის დეკორატიულ ყუთებს, სამზარეულოსა და საყოფაცხოვრებო ნივთებს, სუვენირებს, ინტერიერის დეკორატიულ ელემენტებსა და გამოყენებითი ხელოვნების მრავალფეროვან ნიმუშებს. თითოეული ნამუშევარი ხელით მზადდება და გამოირჩევა მაღალი ხარისხით, ბუნებრივი მასალისადმი პატივისცემითა და ქართული ორნამენტული ტრადიციების თანამედროვე ინტერპრეტაციით.
ზაზა გათენაშვილისთვის ხეზე მუშაობა მხოლოდ პროფესია არ არის - ეს არის წინაპრებისგან მიღებული ცოდნის გაგრძელება, ქართული კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და მომავალი თაობებისთვის გადაცემა. მისი მთავარი მიზანია ახალგაზრდებში გააღვივოს ინტერესი ტრადიციული ხელობის მიმართ, საკუთარი გამოცდილება მომავალ ოსტატებს გაუზიაროს და ქართული ხის მხატვრული დამუშავების მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია მომავალშიც ცოცხალი და განვითარებადი დარჩეს.